Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანს დასდო ბრალი საუდის არაბეთის სანავთობო ქარხნებზე დრონებით თავდასხმაში


Fire at Aramco
Fire at Aramco

შაბათს ღამით საუდის არაბეთის კომპანია Saudi Aramco-ზე ათი დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო უახლოეს პერიოდში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის მიწოდება 5%-ით ნაკლები იქნება. ეს არის დღეში 5,7 მილიონი ბარელი ნავთობი, ანუ ქვეყნის მთელი პროდუქციის თითქმის ნახევარი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, როდის განახლდება ნავთობის მოპოვება დრონებით განადგურებულ მომპოვებელ ობიექტებზე.

თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ჰუთიტი მეამბოხეების გასამხედროებულმა დაჯგუფებამ, რომელიც იემენში მოქმედებს. ჰუთიტები ფაქტობრივად აკონტროლებენ ხელისუფლებას 2011 წლის რევოლუციის შემდეგ, როცა გადადგა ქვეყნის პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰი. მას შემდეგ, რაც ჰუთიტებმა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, იემენსა და საუდის არაბეთს შორის გრძელდება დავა კუნძულ სოკორტის კუთვნილების გამო, რომელზეც საუდის არაბეთმა დაამყარა კონტროლი რევოლუციური მოვლენების დასაწყისშივე. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჰუთიტები ირანის სამხედრო და ფინანსური დახმარებით სარგებლობენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წუხელ მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა. მისი თქმით, „თეირანმა უპრეცედენტო დარტყმა მიაყენა მსოფლიოში ნავთობის მიწოდებას“. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკუაგდო სანავთობო საწარმოებზე თავდასხმის ბრალდება.

შექმნილი ვითარების გამო, მოსალოდნელია, რომ ორშაბათს, როცა გაიხსნება მსოფლიო ბირჟები, ნავთობის ფასები გაიზრდება პარასკევთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, როდის აღადგენს საუდის არაბეთი ძველ რეჟიმში ნავთობის მოპოვებას, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტომ განაცხადა, რომ ნავთობის სარეზერვო მარაგის მაჩვენებლები მთელ მსოფლიოში მაღალია და მოსალოდნელია, რომ ნავთობის მოპოვების ყოველდღიური მოცულობა მალე დაუბრუნდება ნორმალურ დონეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG