Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდასხმებს შეეწირა შვიდი ადამიანი, ქვეყნის მესამედს ელექტროენერგია არ აქვს


სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა ავღანეთში 16 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმებს, ქვეყნის მესამედს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

დასავლეთის რეგიონის, ფარას პოლიციის პრესმდივნის, მოჰიბულა მოჰიბის თქმით, ხუთი ადამიანი, მათ შორის ქალი და ბავშვები, დაიღუპა 15 სექტემბერს, პროვინციის დედაქალაქ ფარასთან ახლოს, გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია, თუმცა პროვინციაში აქტიურად მოქმედებს თალიბანი, რომელმაც მიმდინარე თვეში ფარას დასაპყრობად შეტევა წამოიწყო.

ღაზნის პროვინციაში აფეთქდა უნივერსიტეტის კუთვნილ მიკროავტობურზე მიმაგრებული ბომბი, რასაც, როგორ იუწყებიან, შეეწირა მძღოლი და დაიჭრა ხუთი სტუდენტი.

აღმოსავლეთის პროვინცია ლოგარში თალიბანსა და უსაფრთხოების ძალებს შორის სროლას შეეწირა სკოლის მოსწავლე გოგონა.

ასეთ ფონზე, ავღანეთის ელექტროენერგიის ცენტრი აცხადებს, რომ ქვეყნის დაახლოებით მესამედი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთის პროვინცია ბაღლანში შაბათ-კვირას ელექტრობოძები და გადამცემი ხაზები ააფეთქეს.

XS
SM
MD
LG