Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის ღამის საქმეზე დაკავებული ერთი პირი ბრალს აღიარებს


20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა სოსო ბაჯელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა. მისი სიტყვებით, „მტკიცებულებების გამორკვევა არ სურს და ბრალდების მტკიცებულებებს არ ხდის სადაოდ“.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულს უფლება-მოვალეობები განუმარტა და ჰკითხა - ცნობს თუ არა დამნაშავედ თავს, რაზეც სოსო ბაჯელიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

დაცვის მხარე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული წინასწარი პატიმრობის 5-ათასლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდა. შუამდგომლობას დათანხმდა პროკურატურა. მოსამართლემ გაიზიარა მხარეთა შუამდგომლობა და სოსო ბაჯელიძეს პატიმრობა 5-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

სასამართლოში იმყოფება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სასამართლო პოლიტიკური მნიშვნელობის პროცესია, თითოეული ადამიანის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გახდეს დაკვირვების საგანი. გამოსაძიებელია, ეს ხალხი მოქმედებდა როგორც ჯგუფი, ანუ წინასწარ შეთანხმებულად, თუ არა. ანა დოლიძის თქმით, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი აქ არის და სასამართლომ ამას უნდა გასცეს პასუხი.

„როგორც ამ ეტაპზე ჩანს, ბევრი ეს ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობს, სხვადასხვა ადგილას ცხოვრობს და პირველად შეიძლება სასამართლოზე ნახეს ერთმანეთი. თუ არ იქნებოდა ჯგუფური ბრალდება, ბევრად უფრო ნაკლები სანქცია მოელოდათ დაკავებულებს და ბევრად უფრო მსუბუქი და ეს შეიძლება არ აწყობდეს ხელისუფლებას“, - ამბობს ანა დოლიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი. გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

XS
SM
MD
LG