ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 49-ე რაუნდის მოსამზადებლად ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდნენ დისკუსიის თანათავმჯდომარეები, ევროკავშირის წარმომადგენელი ტოივო კლაარი, ეუთოს წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ. ისინი შეხვდებიან დე ფაქტო მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობენ.
ცხინვალში გამგზავრებამდე თანათავმჯდომარეებმა კონსულტაცია გამართეს ჟენევაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლაშა დარსალიასთან.
16 სექტემბერს, თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ბოლო პერიოდში განვითარებულ უკანონო და პროვოკაციულ პროცესებს - სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლებას, სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საგუშაგოების განთავსებას და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის დაკეტვას, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაზი გაესვა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები წარმოადგენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კიდევ უფრო ძაბავს ადგილზე არსებულ ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ქმნის ვითარების ესკალაციის საფრთხეს.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 49-ე რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.