Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში საარჩევნო დავის განხილვა გადაიდო


კვიცინიას და ხაჯიმბას მხარდამჭერები აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს შენობასთან, სოხუმი, 2019 წლის 17 სექტემბერი
კვიცინიას და ხაჯიმბას მხარდამჭერები აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს შენობასთან, სოხუმი, 2019 წლის 17 სექტემბერი

აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ გადადო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ პარტია „ამცახარის“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელის განხილვა.

სხდომა მას შემდეგ გადაიდო, რაც კვიცინიას ადვოკატმა, ინგა გაბილაიამ მოითხოვა მოსამართლეთა შემადგენლობის აცილება. გაბილაიამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სარჩელი უნდა განეხილა სამ მოსამართლეს, რომელთაგან ერთმა თვითაცილება დააყენა ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელთან ნათესაური კავშირის გამო, მისი შეცვლის შემდეგ კი, სასამართლოს თავმჯდომარემ შემადგენლობას მეოთხე მოსამართლე დაამატა. ადვოკატის განცხადებით, ეს კანონდარღვეაა, რადგან საქმე სამმა მოსამართლემ უნდა განიხილოს.

სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს შენობასთან იმყოფებოდნენ ე.წ. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მხარდამჭერები, რომლებიც სხდომის დასრულების შემდეგ დაიშალნენ.

ალხას კვიცინიას მომხრეები შეიკრიბნენ პარტია „ამცახარის“ ოფისთანაც. კვიცინიამ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ბრძოლას კანონიერი გზებით აგრძელებენ.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ რაულ ხაჯიმბას მომხრეები. მათ ხაჯიმბამ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კვიცინიასა და მის წარმომადგენლებთან საუბრობენ, თუმცა, დღემდე ვერ გაარკვიეს, რა სურთ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალხას კვიცინიამ სასამართლოში 11 სექტემბერს იჩივლა. კვიცინია ითხოვს გაუქმდეს 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. მეორე ტურის შედეგი, რომლის თანახმად, გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

„ამცახარის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების კანონის მე-19 მუხლის“ შესაბამისად, ხაჯიმბა არჩეულად არ უნდა ჩაითვალოს, რადგან მისთვის მიცემული ხმები ნაკლებია კვიცინიას მიერ მიღებული ხმების და ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების ჯამზე.

ალხას კვიცინიას მიერ დასახელებული მუხლის მიხედვით, მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება კანდიდატი, რომლის მიერ მიღებული ხმები მეტია მის წინააღმდეგ მიცემულ ხმებზე. თუმცა, დაზუსტებული არ არის, უნდა დაჯამდეს თუ არა დამარცხებული კანდიდატის მიერ მიღებული და ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმები.

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ მიიღო 39793 ხმა (47.39%) და ალხას კვიცინიამ 38766 (46.17%). სხვაობამ 1027 შეადგინა. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა 3155-მა.

XS
SM
MD
LG