Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთიდან დევნილები სამინისტროს მოსაცდელში იმყოფებიან და მოითხოვენ მინისტრთან შეხვედრას


აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობაში ბავშვებთან ერთად არის და მინისტრთან შეხვედრამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობაში ბავშვებთან ერთად არის და მინისტრთან შეხვედრამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

აფხაზეთიდან დევნილები იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოსაცდელში.

დევნილები მთავრობისგან ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი შენობაში ბავშვებთან ერთად არის და მინისტრ ეკა ტიკარაძესთან შეხვედრამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. მათი თქმით, მინისტრის მოადგილეებთან ან სხვა პირებთან შეხვედრები არაფრის მომტანია.

„პიკს მიაღწია ჩვენმა გამძლეობამაც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აფხაზეთიდან დევნილმა, ჯონი კოკაიამ. ის გვიყვება, რომ სამინისტროს შენობაში ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებსაც 26 წლის განმავლობაში პროტესტი საჯაროდ არ გამოუთქვამთ.

„ნახევარი წლის განმავლობაში ყველა ინსტანციაში ვიყავით, ვისაც კი ხელეწიფებოდა ჩვენი დახმარება. ძირითადად, გვატყუებდნენ, ან აბუჩად გვიგდებდნენ“, - ამბობს ჯონი კოკაია.

ჯანდაცვის სამინისტროსთან მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია გვეუბნება, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოსგან თავშესაფარს 27 წლის განმავლობაში ელოდებიან.

შენგელია დევნილების კონკრეტულ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პროცესს აღწერს.

„ამ ადამიანებთან ერთად მრავალმხრივი ურთიერთობა გვქონდა სამინისტროსთან. თითოეული მათგანის საქმე გავლილია. სამინისტრო აღიარებს, რომ ამ ადამიანებს ეკუთვნით ბინით დაკმაყოფილება და გვერდით დგომა. ახალი მინისტრი შეგვპირდა, რომ მათი პრობლემების შესახებ სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა. ეს ჯგუფი შეიქმნა, რეალურად ძვრაც იყო. სამინისტროს პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზა შევთავაზეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მინისტრი ვეღარ დაესწრო შემდეგ შეხვედრას. მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილეებმა და დეპარტამენტის უფროსმა კი ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ ეს შეხვედრა ჩაშლილიყო", - თქვა ბესო შენგელიამ.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, დღეს მოხდა ისე, რომ ამ დევნილებს არსად წასასვლელი არ აქვთ.

შენგელია კანონის დარღვევის შესახებაც მიუთითებს.

„ქვეყანას აქვს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ". ამ კანონის მუხლები ძირეულად ირღვევა - მასში წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იძულებით გადაადგილებულად ყოფნის პერიოდში დევნილი თავშესაფრით უზრუნველყოს", - ამბობს ბესო შენგელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG