Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს: ასეთი მეთოდები არის ჩვენთვის მიუღებელი


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თავისი გუნდის პრეზენტაციაზე განაცხადა,რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვებსაიტზე გუნდის შემადგენლობის სია მანამდე გამოქვეყნდა, სანამ ამას თავად მოძრაობის წევრები გაასაჯაროებდნენ. მისი სიტყვებით, ინფორმაცია ინახებოდა კომპიუტერში და საზოგადოებრივმა არხმა სხვა გზით მოიპოვა, რაც, მისი სიტყვებით, კითხვებს აჩენს.

„გუშინ ღამით აღმოვაჩინეთ, რომ სია, რომელიც დღეს მე უნდა წარმედგინა საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა სრულად გადაკოპირებული საზოგადოებრივი არხის საიტზე და გავრცელებული. არის ორი ვარიანტი - ან ჩვენ მოგეცით ეს ინფორმაცია, რომელიც არ მოგვიცია, იმიტომ რომ იყო ჩვენს კომპიუტერებში და იყო დახურული ინფორმაცია და გვინდოდა ჩვენგან გაგეგოთ, ან ეს ინფორმაცია საზოგადოებრივმა არხმა, რომლის დაფინანსებაშიც თითოეული ჩვენთაგანი ვიღებთ მონაწილეობას, მოიპოვა სხვადასხვა არხით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი სიტყვებით, საუბარი არ არის მედიის დამოუკიდებლობაზე და იმაზე, თუ ვინ ვის მიაწოდა ეს ინფორმაცია, თუმცა თავად ფაქტი „ძალიან გასაკვირია“.

„ძალიან ბევრი მანქანა დაგვყვება ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი კამერა დაყენდა ყველა იმ ოფისში, სადაც ვიკრიბებით და ჟურნალისტებს რომ არ ეგონოთ, რომ ჩვენ რამეს ვმალავთ, ჩვენ ვიქნებით აუცილებლად გამჭვირვალეები და ასეთი მეთოდები არის ჩვენთვის მიუღებელი და არავის ეგონოს, რომ მედიას აქვს უფლება, რაღაც ინფორმაცია მოიპოვის და ჩვენ ვინც ვაფინანასებთ, განსაკუთრებით საზოგადოებრივ არხს, რომელსაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვს ჩვენი წყალობით, მათთან ჩვენ კითხვები არ გვექნება. რა თქმა უნდა, ყველა არ იგულისხმება - ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა უპასუხა, რომ მათ ჰყავთ წყაროები და უაპელაციოდ ეჭვების გამოთქმა, რომ ვინმემ მიაწოდა პირველ არხს ინფორმაცია, უხერხულია.

„ამ არხზე მუშაობენ პროფესიონალები და ძალიან ცუდია, რომ ასეთი ფორმულირებით აყენებთ საკითხს“, - განაცხადა საზაგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ეს ინფორმაცია ამოღებული იყო მათი კომპიუტერიდან, რომელიც მათ არ გაუციათ, - უპასუხა მამუკა ხაზარაძემ და განაგრძო გუნდის წევრების წარდგენა.

18 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას წარუდგინა მოძრაობის 12 წევრი.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს დააფუძნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG