Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, მოძრაობა იქნება მაყურებელი


ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, მოძრაობა იქნება მაყურებელი, მაკონტროლებელი, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის პირველი 12 წევრის წარდგენის ღონისძიებაზე.

„ეს არის მოძრაობა, როგორც გითხარით, პარტია იქნება ცალკე დაფუძნებული და ზოგიერთი ადამიანი, ვისაც თქვენ აქ ხედავთ, მისი სურვილით შეიძლება ვიხილოთ პარტიაში, ზოგიერთი დარჩება მოძრაობაში.

ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, იმიტომ რომ მოძრაობა იქნება ის მაყურებელი და იმ პოლიტიკის მაკონტროლებელი, რომელიც აიღებს თავის თავზე ქვეყანაში გამარჯვებისკენ სიარულს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, „ლელო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც დასავლეთის ვექტორი აქვს და ქვეყანაში სწრაფი განვითარება უნდა.

„განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომელიც წინა ან ეხლანდელი მთავრობის დროს იყვნენ უწყებებში, მუშაობდნენ, მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა პროფესიულმა ნაშრომმა და არავინ არ გამოიყვანა ეს ხალხი წინა პლანზე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრები არიან:

  1. ლანა გალდავა, იურისტი;
  2. ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი;
  3. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი;
  4. კახა კოჟორიძე, იურისტი;
  5. მედეა მეტრეველი, ფილოლოგი;
  6. გია გუგუშვილი, მხატვარი;
  7. საბა ბუაძე, იურისტი;
  8. გიგლა მიქაუტაძე, ეკონომისტი;
  9. ქეთი ენუქიძე, ფილოლოგი;
  10. ელენე მელიქიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი;
  11. გია მორდეკაშვილი, ბიზნესმენი;
  12. დავით გელაშვილი, ეკონომისტი.

„იყო სპეკულაციები, რომ თითქოს ჩვენ პირველ 12-ს წარვადგენთ. არანაირი პირველი და 150-ე პირველი არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომლებიც მოდიან თანაბარსრულუფლებიანი პრინციპით, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული ადამიანი შეასრულებს განსაკუთრებულ ფუნქციას“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

XS
SM
MD
LG