Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო - ლევან კობერიძის ინიციატივა


დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს, ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს. ამის შესახებ მან ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

„ქვეყანა ფორსირებულად გადადის პროპორციული არჩევნების სისტემაზე, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო. ამიტომ გთავაზობთ, თუნდაც ერთჯერადად 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო - ეს საშუალებას მოგვცემს, ყველამ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, არ დავუშვათ მსხვილი პარტიების მანიპულაციები და ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები მოვიდნენ ქვეყანაში“, - წერს ლევან კობერიძე.

ინიციატივის საფუძვლად ლევან კობერიძე ამომრჩეველში არსებულ ნიჰილიზმს ასახელებს.

ამასთან, ის მოითხოვს, დაზუსტდეს ამომრჩეველთა რაოდენობაც.

„ქვეყანაში 3.7 მლნ მოქალაქიდან დაახლოებით 3.6 მლნ ამომრჩეველია და ეს ციფრები არათავსებადია და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან მრავალათასიანი დაფინანსების მქონე ცესკომ კეთილი ინებოს და დაიწყოს სასწრაფოდ ამ საკითხზე მუშაობა“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის საკითხს გასულ წელს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილიც აყენებდა და დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებდა. მისი ინიციატივით, არჩვენებში უარის შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაჯარიმებულიყო.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. პროექტით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

13 სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავიდან დაიწყო. 13-დან 30 სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია სულ 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG