Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაცარავა: ევროპული საქართველოს პროექტი პოტენციურად ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთიდან


პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს „ფეისბუკზე“ ეხმაურება.

ქაცარავას ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, როგორც სავალდებულო კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს დადგენილების პროექტს.

სოფიო ქაცარავა პროექტის შესახებ უმრავლესობის პოზიციის შესახებ საუბრობს.

„შინაარსს რაც შეეხება - „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დადგენილება პოტენციურად ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთის მხრიდან. ეს მარტივად რომ ვთქვათ, გამოიწვევს ათასობით ადამიანისთვის ეკონომიკურ ზარალს. მართალია, ჩვენი ამოცანაა შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ასეც ვაკეთებთ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დრო და უფრო მაღალი სტანდარტის პროდუქტის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ძალიან მრავალფეროვან და ძალიან მაღალი სტანდარტის პროდუქციას.

ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ყველა აზრიანი ადამიანი, არა პოპულისტი, ხედავს რომ ეს ხანგრძლივი პროცესია“, - წერს ქაცარავა.

უმრავლესობის წევრს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ქაცარავას პოზიცია არის მორიგი აღიარებითი ჩვენება ივანიშვილის გუნდის მხრიდან.

„საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობენ და ვინც სთავაზობს მას ეფექტურ მუშაობას, იმათ აცხადებენ პროვოკატორებად. ასეთი უტიფრობა არ გამიგია. ისინი აქამდე გვატყუებდნენ, როცა იძახდნენ, რომ მუშაობენ საერთაშორისო ზეწოლაზე რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, იმისთვის რომ შევამციროთ ჩვენი მოქალაქეები მკვლელობის შანსები, როგორც ოთხოზორიას მკვლელობა იყო, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ვმუშაობთ და ეფექტურებიც ვართო და ახლა როცა დადგა საკითხი ძალიან კონკრეტულად - რომ ამ მუშაობის შედეგი არის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი ომის თავიდან აცილების არ არსებობს“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ.

16 სექტემბერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“.

XS
SM
MD
LG