Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტმა "ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“. პროექტს მხოლოდ სამი მომხრე ჰყავდა თავად „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციებიდან.

კომიტეტის სხდომაზე დადგენილების პროექტი წარმოადგინა მისმა ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას უნდა დაევალოს ყველა აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოთხოვნებში.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ჯერ კიდევ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომამდე განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტს მხარს არ დაუჭერენ. ვოლსკის შეფასებით, ინიციატივა თავისი ფორმით გულისხმობს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას, რეალურად კი გამიზნულია რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის.

„რატომ ხართ სერგის წინააღმდეგი და ვოლსკის მხარეს, თუ რამე ლოგიკა გაქვთ და პატრიოტიზმი ერთად?“ - ჰკითხა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, თამარ ხულორდავას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ. მან უმრავლესობის წევრებს მიმართა, ვოლსკის უთხრან, რომ "სისულელეების ლაპარაკს თავი დაანებოს" და "ცეკას კაბინეტში აღარ ზის." გიგა ბიკერია დაინტერესდა, რატომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ იმას, რომ საქართველო იყოს უფრო დაცული და რუსეთი - უფრო შეზღუდული.

„არა, არ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ საქართველო იყოს უფრო დაცული. ასეთი ფორმით მანიპულირება არ არის სწორი იმიტომ, რომ საზოგადოებაც შეცდომაში შეგყავთ. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებთ და საჭიროება ამაზე დადგენილების მიღების ნამდვილად არ არის“, - განაცხადა საპასუხოდ თამარ ხულორდავამ.

მანამდე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ხელისუფლების მიზანი და პირველი ამოსავალი წერტილია საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, ეს ინტერესი კი - ქვეყნის შემდგომი განვითარებაა, რაც გარანტი იქნება საგარეო მისწრაფებების განხორციელებისთვისაც.

„ამ გზაზე ჩვენ ისედაც დავდივართ ბეწვის ხიდზე, ძალიან რთული ურთიერთობები გვაქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნას პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მისი შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც შედეგს არ მოიტანს და იქნება მხოლოდ დეკლარაცია, ამიტომ უმჯობესია, ძალისხმევა მიმართული იყოს შედეგებზე, რათა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის კონკრეტული ფასი გადაიხადოს რუსეთმა და არა - ქართულმა საზოგადოებამ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG