ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ სახელმწიფოს მიმართავს, რუსეთს არ გადასცეს ინტერპოლით ძებნილი რამზან ახიადოვი.
პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რამზან ახიადოვის ექსტრადიცია 20 სექტემბერს იგეგმება.
ხოშტარიას განცხადებით, ახიადოვის თქმით, მან ბრალდების შესახებ არაფერი იცოდა, რუსეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. რამზან ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ.
ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოში ახიადოვი საპატრულო პოლიციამ არასწორი პარკირების გამო შეაჩერა და გადამოწმების შემდეგ დააკავეს.
„მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთში არ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ ამან ხელი შეუშალოს ექსტრადირებას. ქართულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ახიადოვის საჩივარი რუსეთში არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ჩვენ გვახსოვს მსგავს საქმეზე - შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სასწრაფო წესით აუკრძალა სახელმწიფოს ამ პირების ექსტრადიცია. ამ შემთხვევაში სტრასბურგმა კონკრეტულად საქართველოსა და რუსეთს შორის მსგავს საქმეებთან დაკავშირებით სტანდარტი დააწესა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
რამზან ახიადოვს, რომელიც ამჟამად რუსთავის საპატიმროშია, საექსტრადიციო პატიმრობის 9-თვიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება.