Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიცე-პრემიერი უარყოფს, რომ ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორი ოთახიდან გააგდო


ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი უარყოფს „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციური ინვესტორი „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი“ უარით გაისტუმრეს.

„არათუ არ გამიგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია და ვიმსჯელოთ ეს კონკრეტული ინვესტორი რამდენად შეძლებს ჩაანაცვლოს 45%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ნებისმიერი პოტენციური ინვესტორის მიმართ აქვს ყურადღებიანი და პოზიტიური დამოკიდებულება.

„ჩვეულებრივ საქმიან რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და პირველ რიგში, მუშაობა მიმდინარეობს შემოთავაზებული ინვესტორის შეთანხმების პროცედურებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში თქვა, რომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრაქტიკულად, გააგდო ანაკლიის პორტის ინვესტორები: „12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო".

XS
SM
MD
LG