თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
1959 წლის დაბადებული პ.ლ-ს ადვოკატის, ნინო ტაბატაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სავარაუდოდ, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს, თავად კი ითხოვს, რომ სასამართლომ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ გამოიყენოს, ან ალტერნატივად გირაო შეუფარდოს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.
ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ შვიდ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 სექტემბერს საღამოს გამართულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები.
ორი მათგანის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იცოდნენ, რა ფოტოებს უღებდნენ მათ შვილს და არც თანხა აუღიათ, როგორც ამას ბრალდების მხარე ამბობს. ველიჯანაშვილის თქმით, მშობლები მხოლოდ პირველ ფოტოსესიას დაესწრნენ, სადაც ბავშვებს ჩვეულებრივ ფოტოებს უღებდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ავსტრალიელ და ამერიკელ სამართალდამცავებთან და ევროპოლთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია საქართველოს ცხრა, ავსტრალიის ერთი და აშშ-ის ერთი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება და ტრეფიკინგი.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები და უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.