გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.
„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„შევისწავლით და მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - უთხრეს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას 19 სექტემბერს „ევროპული საქართველოს“ განცხადების შესახებ.
პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებისას კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს. მან სწორედ ამ შინაარსის განცხადება შეიტანა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში.