პარასკევს პენტაგონი შესაძლო ფართო სამხედრო მოქმედებების ვარიანტებს წარუდგენს აშშ-ის პრეზიდენტს, რომელიც განიხილავს საპასუხო ნაბიჯებს საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმებისათვის, რაშიც თეთრი სახლის ბევრი წარმომადგენელი ირანს ადანაშაულებს.
როგორც „ასოშიეიტიდ პრესი“ იუწყება ანონიმურ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, სამხედრო უწყება 20 სექტემბერს დონალდ ტრამპს წარუდგენს სიას სხვადასხვა სამხედრო მოქმედების, მათ შორის, ირანის შიგნით არსებულ სამიზნეებზე პოტენციური საავიაციო იერიშების განხორციელების შესახებ.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამხედრო უწყება ასევე გააფრთხილებს აშშ-ის პრეზიდენტს, რომ სამხედრო ოპერაციამ ირანის წინააღმდეგ შესაძლოა სრულმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს.
აშშ-ის ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ამტკიცებენ, რომ ირანი იდგა საუდის არაბეთის ნავთობინდუსტრიაზე 14 სექტემბერს განხორციელებული სარაკეტო იერიშების უკან.
თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს და აშშ-ს აფრთხილებს, რომ მასზე ნებისმიერი იერიში, ირანთან „ტოტალურ ომში“ გადაიზრდება.