Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი გაეროში რეგიონული უსაფრთხოების გეგმას წარადგენს


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ თავისი ქვეყანა გაეროში აპირებს წარადგინოს სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების გეგმა „რეგიონის სხვა ქვეყნების დახმარებით“ და შეეხო რეგიონის და სანავთობო მრეწველობისთვის უცხო ძალებისგან მომავალ საფრთხეს.

როჰანი ირანის ტელევიზიით გამოვიდა 22 სექტემბერს, როცა ისლამური რესპუბლიკა აღნიშნავს ერაყთან 1980-88 წლების ომის წლისთავს. ქვეყანაში იმართება სამხედრო აღლუმი და სხვა ოფიციალური შეხვედრები ირანის სამხედრო ძლიერების საჩვენებლად. იმ კვირაში როჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამოვა.

ირანის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში თანამოქალაქეებისადმი პირობა დადო, რომ არავის მისცემს ირანის საზღვრების დარღვევის უფლებას და რეგიონში თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება დაიძაბა საუდის არაბეთის სანავთობო ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ, რაშიც ვაშინგტონმა და რიადმა ირანი დაადანაშაულეს. ამის ფონზე გრძელდება ომები სირიასა და იემენში, აშშ-ის მეთაურობით მიმდინარეობს მზადება სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეში სანავთობო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ირანის მიერ ამას წინათ სავაჭრო გემების დაკავების შემდეგ. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 სექტემბერს დაამტკიცა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აშშ-ის ჯარების ზომიერი გაზრდის დოკუმენტი.

22 სექტემბრის გამოსვლაში ჰასან როჰანიმ მიმართა უცხოეთის ძალებს, სპარსეთის ყურისგან თავი „შორს დაიჭირონ“ და გამოაცხადა, რომ, მისი სიტყვებით, მათი იქ ყოფნა რეგიონს „გამალებული შეიარაღების არეალად“ აქცევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG