Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ევროკავშირს აკრიტიკებს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის პაქტის შესახებ რეზოლუციის გამო


თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა მოსკოვში, 1939 წლის 23 აგვისტო
თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერა მოსკოვში, 1939 წლის 23 აგვისტო

რუსეთმა გააკრიტიკა რეზოლუცია, რომელიც ევროპის კავშირმა მიიღო, და რომელიც იტყობინება, რომ 1939 წლის თავდაუსხმელობის პაქტმა საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის „გზა გაუკაფა მეორე მსოფლიო ომის დაწყებას“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 სექტემბერს შეაფასა ევროპის პარლამენტის რეზოლუცია, როგორც „პოლიტიზებული რევიზიონიზმი“.

სამინისტრო ჩივის, რომ რეზოლუციიის ტექსტში არ არის ნახსენები დასავლეთის ქვეყნების მიერ 1938 წელს ნაცისტურ გერმანიასთან დადებული „მიუნხენის შეთანხმება“, რომელსაც მოჰყვა ჩეხოსლოვაკიაში ექსპანსია. სამინისტრო რეზოლუციას უწოდებს „ევროპის პარლამენტის აღმაშფოთებელ მცდელობას, გაუთანაბროს აგრესორი ქვეყანა საბჭოთა კავშირს, რომლის ხალხმა უდიდესი მსხვერპლის ფასად იხსნა ევროპა ფაშიზმისაგან“.

მსოფლიომ წელს აღნიშნა ამ შეთანხმების მე-80 წლისთავი, რომელიც ასევე ცნობილია „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ სახელით, და რომლის თანახმად, მოსკოვი და ბერლინი შეთანხმდნენ, გაეყოთ ერთმანეთში შუა და აღმოსავლეთი ევროპა. რეზოლუციაში წერია, რომ პაქტის თანახმად, ევროპა ორ ტოტალიტარულ რეჟიმს შორის გაიყო. ნაცისტებმა დაარღვიეს შეთანხმება და თავს დაესხნენ საბჭოთა კავშირს 1941 წლის ივნისში.

XS
SM
MD
LG