Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი ფიფას დაჰპირდა, რომ შემდეგ საფეხბურთო მატჩზე სტადიონზე ქალებს შეუშვებენ


თეირანი ფიფას დაპირდა, რომშემდეგ საფეხბურთო მატჩზე ქალებს სტადიონზე შეუშვებენ

ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, თეირანმა პირობა მისცა, რომ ირანის ხელისუფლება ქალებს სტადიონზე შეუშვებს შემდეგ თამაშზე, როცა ირანი საერთაშორისო მატჩს გამართავს.

ინფანტინოს 22 სექტემბრის განცხადება მოჰყვა ფიფას დელეგაციის ვიზიტს ირანში ისლამური ხელისუფლების მიერ კაცების სპორტულ შეჯიბრებაზე ქალების დასწრების აკრძალვის თაობაზე მოსალაპარაკებლად. აკრძალვას უკავშირდება ახლახან ახალგაზრდა ქალის სიკვდილი, რომელიც სტადიონზე მალულად, კაცად გადაცმული შესვლას ცდილობდა, რისთვისაც ის დასაჯეს.

10 ოქტომბერს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირანი კამბოჯის გუნდს ხვდება თეირანში, აზადის სტადიონზე.

„პროდუქტიული დისკუსიის დროს ფიფამ გაიმეორა თავისი მტკიცე და ცხადი პოზიცია, რომ ქალები უნდა დაესწრონ საფეხბურთო მატჩებს და რომ მათი რიცხვი უნდა გადაწყდეს მოთხოვნისა და ბილეთების გაყიდვის შედეგად", წერია ფიფას განცხადებაში, რომელიც 21 სექტემბერს გავრცელდა თეირანში ვიზიტის შემდეგ.

ფიფა აცხადებს, რომ ის იმუშავებს ირანის საფეხბურთო ფედერაციასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ქალების დაშვება ირანის ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩებზეც მომავალში. 10 ოქტომბრის თამაშის შედეგიდან გამომდინარე, ფიფა ითანამშრომლებს ირანის ფედერაციასთან ამ სფეროში.

სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება მოჰყვა 29 წლის ირანელი საჰარ ხოდაიარის თვითმკვლელობას. მარტში ირანში ​გამართულ ფეხბურთის მატჩზე დასწრების სურვილის გამო საჰარ ხოდაიარის ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ თვის დასაწყისში კი მან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

ადრე ფიფა გააკრიტიკეს, რომ არ აღუდგა წინ ირანსა და სხვა ქვეყნებში გენდერულ დისკრიმინაციას ფეხბურთის მატჩებზე დასწრების დროს.

ირანის ხელისუფლება ხანგამოშვებით, ქალების მცირე ჯგუფს სტადიონზე შესვლის უფლებას აძლევს ხოლმე.

ირანის სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ თაჰიზადემ 25 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ქალებს კამბოჯასთან მატჩზე დაუშვებენ. თუმცა შემდგომ თეირანი ამ თემაზე დუმდა, რასაც მოჰყვა ფიფას დელეგაციის ვიზიტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG