Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო: უარყავით პეკინის მოთხოვნა უიღურთა ჩინეთში გაგზავნაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, უარყონ ჩინეთის მოთხოვნა ეთნიკური უიღურების ჩინეთში რეპატრიაციის შესახებ - სადაც მათ რეპრესიები ელით.

პომპეომ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ პეკინის მიერ ქვეყნის დასავლეთში მდებარე რეგიონში, სინიანში, უიღური მუსლიმების დაკავებას არაფერი აქვს საერთო ტერორიზმთან, როგორც ამას ჩინეთი ამტკიცებს - არამედ, მისი თქმით, ეს არის უმცირესობათა კულტურების და რელიგიის "წაშლის" მცდელობა.

"მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩინეთის მიერ სინიანში წარმოებული რეპრესიული კამპანია არ ეხება ტერორიზმს. ეს არის ჩინეთის მცდელობა, წაშალოს თავისივე მოქალაქეები. ... ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ჩინეთის მოთხოვნებს უიღურთა რეპატრიაციის შესახებ", - განაცხადა პომპეომ.

სახელმწიფო მდივანი ამ განცხადებებით გამოვიდა შუა აზიის ხუთი ქვეყნის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში.

გაერომ შარშან განაცხადა, რომ 1 მილიონამდე ეთნიკური უიღური და სხვა ძირითადად მუსლიმი მკვიდრი ჯგუფები დაკავებულები არიან ე.წ. კონტრექსტრემისტულ ცენტრებში, კიდევ მილიონობით ადამიანი კი კოლონიებშია გაგზავნილი.

XS
SM
MD
LG