Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზალკალიანმა ოკუპაციის შედეგები გააცნო ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალანბერგს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის გავლებაზე, ე.წ. სასაზღვრო გადასასვლელების დაკეტვასა და მოქალაქეების გატაცების გახშირებულ ფაქტებზე.

მინისტრებმა თქვეს, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობა და არსებული საერთაშორისო ფორმატების ეფექტურად გამოყენება ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში.

დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება გააცნო დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე სებასტიან კოფოდსაც. ქართულმა მხარემ დანიას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერისთვის, მათ შორის გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციის თანასპონსორობისთვის.

დავით ზალკალიანი ნიუ-იორკში შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს დენდიასსაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების განხილვისას დენდიასმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა საშუალების მოძიება, რათა არსებულმა ფორმატებმა ეფექტურად იმუშაოს და საჭიროა ახალ მიდგომებზე ფიქრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. დავით ზალკალიანმა ურმას რეინსალუს მადლობა გადაუხადა ესტონეთის მიერ საქართველოს მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის, მათ შორის ესტონეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადებებისთვის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მოითხოვს ყველა მხარის აქტიურ ჩართულობას ვითარების დეესკალაციის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

XS
SM
MD
LG