მუშაობა განაახლეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტები დაათვალიერებენ სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ შვიდ მონაკვეთს, მათ შორის სოფელ ერისიმედის ტერიტორიაზე და გეოდეზიურ აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ.
ექსპერტთა პირველი შეხვედრა 19-23 აგვისტოს გაიმართა. სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულება 27 სექტემბრისთვის იგეგმება.
ექსპერტთა მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიებს.
სახელმწიფო კომისიების მომდევნო სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის ჩატარების ზუსტი თარიღი დიპლომატიური არხებით შეთანხმდება.
რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კომისიის თანათავმჯდომარე ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა, რომ კომისიის სხდომა სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება.
საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობა წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მოლაპარაკება 2019 წლის მაისიდან განახლდა.
კომისიების მუშაობის განახლების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზის გადაკეტვას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით ორი მესამედი.