Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოშიმშილე აფგან მუხთარლი სამარტოო საკანში გადაიყვანეს


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სამარტოო საკანში გადაიყვანეს. „აფგანი დღეს იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან, რაც ნიშნავს, რომ სამარტოო საკანში გაგზავნეს“, - წერს ფეისბუკზე აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა.

ჟურნალისტი უკვე მესამე დღეა შიმშილობს. ლეილა მუტაფაევას ინფორმაციით, აფგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

ჟურნალისტი, მისი ადვოკატები და უფლებადამცველი ორგანიზაციები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.

აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამას უარყოფს საქართველოს ხელისუფლება.

2017 წლის ზაფხულში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს, ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG