Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმართა შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში თამაზ ქოიავას გამოკითხვა მიმდინარეობს


გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება 1994 წელს მოკლული იოსებ ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა.

საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის, მათ შორის იოსებ ქოიავას მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებული ზურაბ ნადირაძის შეწყალების გამოძიებას.

“შეცდომაში ვერავინ შემიყვანს, არ ვარ პატარა ბავშვი, რომ ვინმემ მომატყუოს. მოსაყოლად ტელევიზიებში მეძახიან და ამათ ალბათ, რაღაც აინტერესებთ. დიმიტრი გაბუნია ჩემთვის არაფერია, რაღაც უბრალო ჭანჭიკია, გაბუნიას დონეზე გადაწყდებოდა ეს საქმე? სიამოვნებით დავუჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს“, - უთხრა ჟურნალისტებს თამაზ ქოიავამ პროკურატურაში შესვლამდე.

რამდენიმე დღის წინ, თამაზ ქოიავამ განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელს მფარველობდა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია. ეს კატეგორიულად უარყო გაბუნიამ, რომლის თქმით, ქოიავების ოჯახი შეცდომაში შეიყვანეს.

ძებნილი ზურაბ ნადირაძე, რომელსაც 2008 წელს დაუსწრებლად მიუსაჯეს 15-წლიანი პატიმრობა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოს შეიწყალა.

შეწყალებულთა შორის აღმოჩნდნენ ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის და 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულები რამაზ დევაძე და ასლან ბეჟანიძეც.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ "დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე".

ერთი დღით ადრე, 19 სექტემბერს, პარლამენტის წევრმა "ევროპული საქართველოდან" ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო, კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG