მას „შეუძლია, ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი ლანძღოს, მათ შორის, ჩემთანაც და პირში ელაქუცოს იმიტომ, რომ მას აქვს თავისი პირადი მერკანტილური ინტერესები, თავისი პირადი ბიზნესინტერესები. აი, ამით მოაღწია აქამდე“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში დეპუტატმა ეკა ბესელიამ გია ვოლსკის კომენტარის პასუხად.
გია ვოლსკიმ გამიზნული დეზინფორმაცია უწოდა დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება" პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრებით რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, უმრავლესობის წევრებს აშანტაჟებს. გია ვოლსკის თქმით, ეს პოლიტიკურ უზნეობასთან მიახლოებული ქმედებაა და ეკა ბესელია ამას ალბათ პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად აკეთებს.