Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ პრეზიდენტი გადააყენეს...


პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმართა ხმაურიანი შეწყალების შემდეგ, ჯერ ისევ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა - არის თუ არა პრეზიდენტის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები და ხომ არ შეიძლება ეს მისი იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს?

24 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ, პარლამენტში, მედიასთან საუბარისას განაცხადა, რომ „პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ხელაღებით საუბარი დამაზიანებელია“ და რომ მიუხედავად კონკრეტული შეწყალების მიმართ არც თუ ლოიალური დამოკიდებულებისა, „ხელისუფლება ცდილობს სტაბილურობის შენარჩუნებას და რყევების თავიდან აცილებას“.

როდის ემუქრება პრეზიდენტს იმპიჩმენტი და რა ხდება შემდეგ?

პრეზიდენტის იმპიჩმენტის - მისი პოსტიდან გადაყენების და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლოა, გახდეს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის მოქმედებებში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტის წინაშე შეუძლია დააყენოს პარლამენტართა ერთ მესამედს: საქართველოს შემთხვევაში, 50 დეპუტატს.

შემდეგ, პროცესში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ერთვება - სწორედ ის აფასებს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი დანაშაულს, რომელსაც მას ედავებიან.

თუ საკონსტიტუციო ამას დაადგენს, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 - 100 დეპუტატი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების შესახებ.

ამის შემდეგ კი, როდესაც პრეზიდენტს მოეხსნება ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, შესაძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც.

პრეზიდენტის გადაყენების საკითხი, შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაშიც, თუ ის კონსტიტუციას დაარღვევს, რადგან სწორედ ის არის ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვის მთავარი გარანტი.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის მხოლოდ სამართლებრივი პროცესი. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც დეპუტატები იღებენ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტმა კონსტანტინე ჩოკოარაიამ და ისიც გაიხსენა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, პრეზიდენტების იმპიჩმენტების თითქმის ყველა შემთხვევაში, მათ მიმართ არსებობდა სერიოზული პოლიტიური ბრალდებები: დიდ კორუფციულ სქემებში მონაწილეობა, უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობას და ა.შ.

ვინ ადგენს დანაშულის ნიშნებს პრეზიდენტის ქმედებებში?

საქართველოს კონსტიტუცია იცავს პრეზიდენტს პასუხისმგებაში მიცემისგან ანუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი პროცედურებით მის წინააღმდეგ საქმე ვერ წარიმართება მანამ, სანამ ის პრეზიდენტია. მას პროკურატურა ბრალს ვერ წარუდგენს.

ამიტომ, დანაშაულის ნიშნების საფუძველი შეიძლება იყოს გამოძიების მოსაზრება ან დეპუტატების პოლიტიკური მოსაზრება. პარლამენტის 50 დეპუტატს შეუძლია უბრალოდ თქვას, რომ მის ქმედებებში არის დანაშაულის ნიშნები და დაელოდოს ამის დასტურს საკონსტიტუციო სასამართლოსგან.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი ის არის, ამბობენ კონსტიტუციონალისტები, რომ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებაში, კონსტიტუციურ დემოკრატიაში საფუძველი დასაბუთებული უნდა იყოს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცდილება საქართველოს არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არაერთი ბრალდება არსებობდა.

კიდევ რა შემთხვევაში ვერ ამოწურავს პრეზიდენტი საპრეზიდენტო ვადას?

იმპიჩმენტის გარდა, არსებობს კიდევ ორი მიზეზი, განმარტავს კონსტიტუციის სპეციალისტი ვახუში მენაბდეც:

პრეზიდენტის საკუთარი ნებით გადადგომა და გარდაცვალება.

ამ ვითარებაშიც , საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საქართველომ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს - ოღონდ არაპირდაპირი წესით.

სალომე ზურაბიშვილი, როგორც ცნობილია, არის ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი.

ვინ ირჩევს ახალ პრეზიდენტს?

არაპირდაპირი წესი ნიშნავს, რომ ახალ პრეზიდენტს ვეღარ ირჩევს ხალხი.

თუ ისე მოხდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი გადააყენეს, ახალი პრეზიდენტი 45 დღის ვადაში უნდა აირჩიოს კოლეგიამ, რომელსაც 300 წვერი ჰყავს - მათ შორის, 150 პარლამენტარი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების წევრები, თვითმართველი ორგანოებიდან შერჩეული პირები.

კონსტიტუციით, სწორედ ამ კოლეგიის 30 წევრს აქვს უფლება დაასახელოს პრეზიდენტის კანდიდატურები.

თეორიულად, სულ შესაძლებელია 10 კანდიდატის დასახელება.

პირველ ტურში, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვისაც ექნება კოლეგიის 2/3-ის მხარდაჭერა.

თუ კანდიდატმა ხმათა ეს რაოდენობა ვერ მიიღო, მაშინ ტარდება მეორე ტური და ცხადია, გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.

რა უნდა დადგინდეს სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში?

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პატიმართა შეწყალების გადაწყვეტილება ხომ არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულთან? მაგალითად, ხომ არ არის ეს ქმედება კორუფციული სქემის ნაწილი?

გამოძიება ამ საქმეზე დაწყებულია.

კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია პრობლემას ვერ ხედავს პრეზიდენტის დაკითხვასა თუ გამოკითხვაში და ფიქრობს, რომ მან გამოძიებას პასუხები უნდა გასცეს.

მისი შეფასებით, არ არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლება მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკურად დასჯას ფიქრობდეს, რადგან ის არ არის მათი ოპონენტი. განსხვავებით წინა პრეზიდენტებისგან, რომელთა მიმართ კითხვები და იმპიჩმენტიც საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც ისინი ხელისუფლების პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად იქცნენ.

„მაშინ საკითსაც ასე ვსვამდით, რომ იმპიჩმენტი არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციისთვის, რაც სალომე ზურაბიშვილის შემთხევაში არ არსებობს“, - გვითხრა ჩოკორაიამ.

საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, რომ გამოძიებამ შეწყალების საქმეზე შუალედური შედეგები პარლამენტს ერთი თვის ვადაში გააცნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ ამ საკითხის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG