საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 2.2 მლნ ლარით 8,2 მლნ-მდე იზრდება. ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში მთავრობამ წარადგინა.
„ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს ადმინისტრაციის ფუნქციონირების ხარჯების დინამიკით და წლის ბოლომდე დაგეგმილი ვიზიტებითა და ღონისძიებებით", - წერია ცვლილებების პროექტის განმარტებით ბარათში.
რაში და რამდენს ხარჯავს პრეზიდენტი?
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება რამდენიმე მილიონი ლარით შემცირდა და 2019 წელს მხოლოდ 6 მილიონით განისაზღვრა. მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბიუჯეტიდან მიიღო:
- 2018 წელს - 10 მილიონამდე ლარი;
- 2017 წელს - 13 მილიონზე მეტი ლარი;
- 2016 წელს - 14 მილიონამდე ლარი;
- 2015 წელს - 11 მილიონზე მეტი ლარი.
სალომე ზურაბიშვილმა შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა. თუ 2018 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 140 ადამიანი იყო დასაქმებული, 2019 წელს იქ 60 თანამშრომელია.
დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად წინა წელთან შედარებით ჯამურად შემცირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა. 2019 წლის ბიუჯეტით, პრეზიდენტი ხელფასებზე 2.5 მილიონ ლარს ხარჯავს. 2018-ში ეს რიცხვი 4.2 მილიონი იყო.
ზურაბიშვილმა უარი თქვა ავლაბრის პრეზიდენტის სასახლეში შესვლაზეც და ზომით უფრო მცირე ათონელის რეზიდენციას იყენებს.