Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია ლაზაშვილის წამყვანობა, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდეს მისი GNCC-ის წევრი ქმრისთვის


ნათია ლაზაშვილის „რუსთავი 2“-ში მუშაობა, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდეს მისი მეუღლის გიორგი ფრუიძისთვის, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრია.

გიორგი ფრუიძე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი 2015 წლიდანაა. მისი ცოლი, ნათია ლაზაშვილი კი რუსთავი 2-ში დაბრუნდა და 25 სექტემბერს „კურიერი“ 9 საათზე სწორედ მასთან ერთად გავა ეთერში.

საქართველოს კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა. მისი უფლებაა, მაგალითად, გასცეს ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია ან დააჯარიმოს მაუწყებელი კონკრეტული დარღვევის გამო.

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, კომუნიკაციების კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს (მუხლი 11, პუნქტი 4).

„რუსთავი 2“ არის კომისიის რეგულირების სფეროში და მასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს კომისია, რომლის წევრიც არის მისი [ნათია ლაზაშვილის] მეუღლე“, - ამბობს იურისტი მარიამ გოგოსაშვილი რადიო თავისუფლებასთან და აგრძელებს: „თუ ლაზაშვილი არ იღებს ხელფასს, ვფიქრობ, კითხვის ნიშნები მაინც ჩნდება“.

კომუნიკაციების კომისიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ნათია ლაზაშვილსა და გიორგი ფრუიძესთან დაკავშირებულ საკითხს სწავლობენ და „კომისია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“.

გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების კომისიის წევრი 2005-2009 წლებშიც იყო.

ნათია ლაზაშვილს 1995 წლიდან „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. მან „რუსთავი 2“ 2006 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა. 2012 წელს წელს ნათია ლაზაშვილი ტელეკომპანია „მეცხრე არხში“ მუშაობდა, საიდანაც 8 თვის თავზე ასევე პროტესტის ნიშნად წამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG