„საბანაძის განცხადება არის ცრუ ინფორმაცია“, - ასე ეხმაურება დეპუტატი ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მასობრივად გაავრცელა, პასუხისგებაშია მიცემული.
ეკა ბესელია ამბობს, რომ პირი, რომელმაც მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები 2019 წლის 27 იანვარს გაავრცელა, იდენტიფიცირებულიც კი არ არის:
„თუ საბანაძე გულისხმობს სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარს, რომელზეც იყო მინიშნება, რომ სწორედ მან ატვირთა ფარული ვიდეოკადრები, ეს არის ტყუილი, რადგან იმ ადამიანმა ეს ჩანაწერები ატვირთა მისი გავრცელებიდან სამი დღის შემდეგ. პირველწყარო რომ გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს და ეს დანაშაული არ არის გახსნილი, ამას ყველა აღიარებს ჩემთან საუბარში. ამიტომ მე მივმართავ საბანაძეს, ან შეასწოროს მისი განცხადება, ან თქვას, იქნებ ბოლო რამდენიმე დღეში რაიმე ცვლილება მოხდა ამ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, გარწმუნებთ, რომ არაფერი მომხდარა, თორემ მეცოდინებოდა“, - ამბობს ეკა ბესელია.
მიმდინარე წლის 23 ივლისს, შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა და პასუხისგებაში მისცა პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი 2019 წლის იანვრის თვეში, მკვლელობისთვის ამჟამადაც პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ - დ.ა.-მ ინტერნეტით გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკიდან. აღნიშნული კადრები ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მესენჯერის საშუალებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მ. დ.-სგან მიიღო. მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ეკა ბესელიამ 24 სექტემბერს განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ზეწოლა და შანტაჟი კვლავ გრძელდება. დეპუტატმა თქვა, რომ მას აქვს ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ.
როდის მიაწოდეს ეკა ბესელიას ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ? რამდენად ხშირად მიმართავენ მას ამ პრობლემით? გეგმავენ თუ არა ეს ადამიანები საჯაროდ საუბარს, ეკა ბესელია რადიო თავისუფლების ამ კითხვებზე პასუხად ამბობს:
„დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. მე ვთქვი, რომ ვიცი ამის შესახებ და ვიცი არაერთი ფაქტი, მაგრამ მათ თვითონ უნდა ილაპარაკონ. სხვის პირად ცხოვრებაზე მე ხომ ვერ ვისაუბრებ. მე ვთქვი პრობლემაზე, რომელიც არსებობს. იმ ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ თავად, ისაუბრებენ თუ არა ამ საკითხზე ღიად“.
25 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ეკა ბესელიას გუშინვე დაუკავშირდნენ პროკურატურიდან, თუმცა, დეპუტატმა მათ უთხრა, რომ საგამოძიებო უწყებაში მიმდინარე კვირაში მისვლას ვერ მოახერხებდა. ზუსტ თარიღს კი ორშაბათს შეატყობინებდა.
ეკა ბესელია განმარტავს, რომ მიმდინარე კვირაში ის პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს უნდა დაესწროს და ამ მიზეზით პროკურატურაში ვერ მივა:
„მე მთხოვეს პროკურატურაში მისვლა გასაუბრებისთვის იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც იყო საჯაროდ საუბარი. კიდევ ერთხელ განვმარტავ, პარლამენტის წევრის დაკითხვა არ შეიძლება მაშინ, როდესაც მას ესა თუ ის ინფორმაცია მიღებული აქვს, როგორც პარლამენტის წევრს. მეორეც, სხვის პირად სივრცეზე და სხვის პირად ინფორმაციაზე მე რომ არ უნდა ვისაუბრო და არ მაქვს ამის უფლება, მგონი, ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ასეთ ზეწოლას განიცდის, თუ გადადგამს ნაბიჯს და თავად ილაპარაკებს ამის თაობაზე და მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ, შემდეგ ეს ფაქტები გამოძიებას დავუდასტურო“.
დეპუტატის თქმით, ის პროკურატურაში, სავარაუდოდ, ორშაბათს მივა და მათ მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორც ხდება პოლიტიკური გავლენებით ვაჭრობა, მათ შორის, სასამართლო სისტემაში.
რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ გამოძიებას, ეკა ბესელია ამბობ, რომ გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს: „ეს ფიქციაა. რვა თვე გავიდა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებიდან და ეს საქმე ისევ გამოუძიებელია“.