Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PACE-ის თანამომხსენებლები პარლამენტს მოსამართლეობის მინიმალური რაოდენობის კანდიდატების დამტკიცებას ურჩევენ


საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები პარლამენტს მოუწოდებენ მოსამართლეები მინიმალური რაოდენობით, იმდენი დანიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის არის საჭირო.

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების ტიტუს კორლეციანის და კლოდ კერნის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რადგან კითხვები გაჩნდა მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, პარლამენტმა მინიმალური რაოდენობის მოსამართლე უნდა დანიშნოს, დარჩენილი ვაკანტური ადგილები კი უნდა შეივსოს კანდიდატთა ახალ სიაზე დაყრდნობით, რომელსაც სათანადოდ შეადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები მიიჩნევენ, რომ უმჯობესია თუ ეს მოხდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ:

პარლამენტმა უნდა ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე გასაუბრება კანდიდატებთან, რაც დაფუძნებული იქნება ერთიან კრიტერიუმებზე და უნდა იყოს მიღებული კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, რადგან კითხვები გაჩნდა მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, პარლამენტმა უნდა დანიშნოს მინიმალური რაოდენობით მოსამართლე, რაც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის. დარჩენილი ვაკანტური ადგილები კი უნდა შეივსოს კანდიდატთა ახალ სიაზე დაყრდნობით, რომელსაც სათანადოდ შეადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უმჯობესია, თუ ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება და იქნება გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მიერ თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში ხარვეზების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად რომ გაეთვალისწინებინა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოში 17-18 სექტემბერს იმყოფებოდნენ. მათი ინტერესის საგანი მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG