Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანგოშვილის სავარუდო მკვლელი ციხეშია, თუმცა მისი სახელი ჯერაც უცნობია - „ნიუ-იორკ ტაიმსი“


ბერლინის პოლიციას, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას იძიებდა, გაუმართლა. მკვლელობა თინეიჯერებმა დაინახეს და პოლიციას შეატყობინეს. ცოტა ხანში ეჭვმიტანილიც დააკავეს - მას უკვე მოესწრო ტანსაცმლის გამოცვლა, წვერის გაპარსვა და პარიკის თავიდან მოშორება. ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს.

პუბლიკაციის ცნობით, ბერლინის პოლიცია დარწმუნებულია, რომ მათ მიერ დაკავებული პირი ნამდვილად ხანგოშვილის მკვლელია. თუმცა, მისი ვინაობა ჯერაც საიდუმლოებითაა მოცული.

დაკავებისას ეჭვმიტანილს ჯიბეში 3 ათასი ევრო, ორი სასტუმროს გასაღები და ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. გამოძიების აზრით პასპორტი ყალბია.

პოლიციამ ეჭვმიტანილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მიიღო ანონიმური იმეილი, რომლის ავტორიც ირწმუნებოდა, რომ დაკავებული სინამდვილეში ვლადიმირ ალექსეევიჩ სტეპანოვია, ყოფილი რუსი პოლიციელი და დაქირავებული მკვლელი, რომელსაც 2005 წელს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მკვლელობისა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირის გამო.

იმეილი დაშიფრული სერვისით იყო გამოგზავნილი და მისი ტექსტი ცუდი ინგლისურით იყო შედგენილი. გამოძიებას მასში მოცემული ინფორმაცია სანდოდ მიაჩნია, თუმცა მაინც ფრთხილობს, რადგან ცნობების სრულად გადამოწმება ვერ ხერხდება და დეზინფორმაციის ალბათობაც მაღალია.

ჯერ-ჯერობით ცნობილია ვლადიმირ სტეპანოვის მხოლოდ ერთი ფოტოსურათი, რომელიც სასამართლო პროცესის დროსაა გადაღებული და მისი სახის ნაწილს გისოსები ფარავს. რუსეთის სამართალდამცავებს არ გაუციათ პასუხი ბერლინის პოლიციის ოფიციალურ თხოვნაზე, მიაწოდონ ინფორმაცია ვლადიმირ სტეპანოვის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელიც წესით ჯერაც სასჯელს უნდა იხდიდეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

„ნიუ-იორკ ტაიმსმა“ სტეპანოვის ფოტოსურათი სახის ამოცნობის ევროპელ ექსპერტებს გადასცა და სთხოვა დაედგინა რამდენად ჰგავდა ის ბერლინში დაკავებულ პირს. ექსპერტის დასკვნით, 90-პროცენტიანი ალბათობით შეიძლება ვარაუდი, რომ ორ ფოტოზე ნამდვილად ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული.

ბერლინის პოლიციის ცნობით, თავად მკვლელობა ასე მოხდა - ეჭვმიტანილი, ვადიმ სოკოლოვის პასპორტით, 17 აგვისტოს გაფრინდა პარიზში და იქ ერთი ან ორი ღამე დაჰყო. მის პასპორტში ჩარტყმული ფრანგული ვიზა საშუალებას აძლევდა ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილებულიყო.

პარიზიდან ის ვარშავაში გადაფრინდა და 5 დღით დარეგისტრირდა სასტუმროში, თუმცა სამი დღის შემდეგ ბერლინში გაემგზავრა. ვარშავის სასტუმროში მან ბარგი და ტელეფონი დატოვა, რაც, გამომძიებლების ვარაუდით, მიანიშნებს, რომ ის პოლონეთში დაბრუნებას და იქიდან რუსეთში დაბრუნებას გეგმავდა.

ბერლინში მას სავარაუდოდ დამხმარეები ჰყავდა - ვინც მას მიაწოდა ველოსიპედი, მკვლელობის იარაღი და ელექტრონული სკუტერი - რომელიც გაქცევისთვის მოსახერხებელ ადგილას იყო გაჩერებული. სავარაუდოდ, თანამზრახველებმა მიაწოდეს ინფორმაცია ზელიმხან ხანგოშვილის ადგილმდებარეობის შესახებ.

23 აგვისტოს ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში მდებარე საჯარო პარკის გავლით მეჩეთში მიდიოდა, პარასკევის ლოცვაზე დასასწრებად. მას უკნიდან ველოსიპედით მიუახლოვდა მკვლელი და მაყუჩიანი გლოკ 21-ის პისტოლეტიდან სამი ტყვია ესროლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG