"ჩვენ გვსურს რაც შეიძლება მეტი ქალის ხმა ისმოდეს მართლმსაჯულების სისტემაში. ჩვენ გვინდა აქტიურად ვილაპარაკოთ როგორც იმ პრობლემების შესახებ, რაც არის, ასევე ვაჩვენოთ ის დადებითი, რაც ხდება სასამართლოში. " - თქვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მირანდა ერემაძემ დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე პასუხად, რომელიც მოსამართლე ქალთა ასოციაციის ფუნქციას შეეხებოდა. მირანდა ერემაძე მოსამართლე ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეა 2019 წლიდან.
"ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სიახლე, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში არის ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, რომლებიც მსოფლიოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციაში არიან გაერთიანებულები. ჩვენ გვინდა აქტიურები ვიყოთ არა მხოლოდ მართლმსაჯულების საკითხებში, არამედ სხვა სახითხებშიც, რაც საზოგადოებაში არის აქტუალური" - თქვა 26 სექტემბერს პარლამენტში მოსმენისას მირანდა ერემაძემ. მისი თქმით, ქართულ სასამართლო სისტემაში ქალები უფრო მეტად არიან წარმოდგენილები.
დეპუტატმა რომან გოცირიძემ მას ჰკითხა, არის თუ არა დღეს ქართულ სასამართლოში კლანი, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატისგან უარყოფითი პასუხი მიიღო. "დღეს სასამართლოში არის კლანი და ამ კლანის წევრები არიან კაცები. ვისურვებდი, რომ თქვენი ასოციაცია შეწინააღმდეგებოდა ამ კლანს" - უთხრა დეპუტატმა მირანდა ერემაძეს.
რომან გოცირიძე ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობდა მოსამართლე ქალთა ძალადობის შესახებ, რაზეც მან უთხრა, რომ 2006 წელს, როცა მიიღეს კანონი ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოებასაც და თავად მასაც სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა ოჯახში ძალადობის მიმართ და თვლიდა, რომ ეს ოჯახის საქმე იყო და გარეთ არ უნდა გამოსულიყო, თუმცა ამ წლების განმავლობაში ეს მოცემულობა შეიცვალა. კიდევ ერთი კითხვა შეეხებოდა ქალებთან დაკავშირებულ დასვენების დღეებს, რაზეც ერემაძემ თქვა, რომ თუკი მისი გადასაწყვეტი იქნებოდა, 3 და 8 მარტიდან არც ერთს არ გააუქმებდა, იმიტომ რომ ეს ქალებისთვის "დიდი ფუფუნებაა."
მირანდა ერემაძე უკვე მეოთხე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს და შოთა გეწაძეს.
მირანდა ერემაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.
მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის განხილვას პარლამენტში პრობლემები შეექმნა 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია.