ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მონაწილეობით გამართულ შეხვედრას ტყიბულში მეშახტეები დადებითად აფასებენ. ისინი დაპირებით კმაყოფილები არიან და აქციას წყვეტენ.
მეშახტემ, ონისე საპანაძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, რადიო თავისუფლების უთხრა, რომ ახალი ინვესტორის წინადადება მათთვის მისაღებია და მზად არის მასთან თანამშრომლობისთვის.
„იურიდიული საკითხების მოგვარების შემდეგ, ხელფასებს ორშაბათს ჩარიცხავენ. არც მომდევნო თვის ხელფასი დაიგვიანებს და ნოემბრიდან დაიწყება ნახშირის მოპოვება. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. აქციები შეწყდება“, - ამბობს მეშახტე. მისთვის ახალი ინვესტორის გეგმებიც მისაღებია.
„კონკრეტულად არ ვიცით, მაგრამ მრავალწლიანი შეთანხმებაა. ორ წელიწადში ნახშირის მოპოვება უნდა გაორმაგდეს. ახალი ტექნოლოგიები უნდა შემოვიდეს. ახალი კომპანიის დაპირებით, უსაფრთხოება პროფკავშირებთან ერთად უნდა გაუმჯობესდეს“, - თქვა ონისე საპანაძემ.
„საქნახშირი ჯი-აი-ჯი“-ს წარმომადგენლებისა და მეშახტეების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ, როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ტყიბულში ახალი ინვესტორი (Steell International trades company) უკვე შემოსულია. მისი თქმით, ორშაბათიდან კომპანია გაისტუმრებს ხელფასს, რაც იმას ნიშნავს, რომ მან გადაიბარა ყველა ვალდებულება.
„დღეიდან პრაქტიკულად ჩადიან შახტში, რომ ინვენტარიზაცია გააკეთონ. ნოემბრიდან უნდა აღდგეს მოპოვება. ეს დაპირება მივიღეთ“, - თქვა ნათია თურნავამ.
მინისტრის შახტში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებაც ჰკითხეს. როგორც ის ამბობს, ექსპერტიზა ჩატარდა და ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება უსაფრთხოების თემას.
„ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არა უბრალოდ ხელფასი, არამედ მთავარია შრომის უსაფრთხო პირობები. მეშახტე არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხისშემცველი პროფესია. აქედან გამომდინარე, მართლაც მომზადდა საკმაოდ სოლიდური დასკვნა. მარტივად, რომ ვთქვათ, ამ დასკვნას ორ ნაწილად გავყოფდი. ერთი დიდი ნაწილი ეძღვნებოდა შრომის ორგანიზებას და, სწორედ, ადამიანური ფაქტორის და შრომის არასწორი ორგანიზების გამო ხდება ხოლმე უბედური შემთხვევები და ამას აქვს თითოეული მეშახტე დაგიდასტურებთ“, - აღნიშნა მინისტრმა და დასკვნის მეორე ნაწილიც განმარტა, - „ის მოდერნიზაციას ეხებოდა - რა ინვესტიციები უნდა დააბანდონ და რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ შახტი უფრო უსაფრთხო გახდეს. ეს დასკვნა დღევანდელ მფლობელს, „ჯი-აი-ჯი ჯგუფს“ გადაეცა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დასკვნა, ასევე დეტალებში იციან ახალმა ინვესტორებმა. მათ მკაფიო ხედვა აქვთ, როგორ შეასრულებენ დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებს“.
როგორც თურნავა ამბობს, ინვესტორი ერთ თვეში მოამზადებს საინვესტიციო გეგმას. გარდა ამისა, როგორც მან თქვა, პროფკავშირებთან ერთად აამუშავებენ ინსტრუქციებს, რომელიც დასკვნიდან გამომდინარეობს.
საინვესტიციო გეგმისა და რეკომენდაციების გასაჯაროება უახლოეს მომავალში იგეგმება.
„ამ ეტაპზე ეს რეკომენდაციები შესრულებული არ არის და აქედან გამომდინარე შახტებში მოპოვების პროცესი გაჩერებულია. სწორედ, ამიტომ გახდა საჭირო, რომ „ჯი აი ჯი ჯგუფს“ მოენახა ახალი პარტნიორი“, - აზუსტებს თურნავა.
მინისტრი პირობას დებს, რომ ინვესტორის მიერ აღებული თითოეული ვალდებულება მკაცრად გაკონტროლდება.
„სახელმწიფო ბიზნესში არ ერევა, ვერ აწარმოებს ბიზნესს კერძო ბიზნესის ნაცვლად, ეს არ არის ჩვენი ბიზნესმოდელი, მაგრამ რაშიც ყოველთვის ჩავერთვებით, ეს არის მედიაცია დასაქმებულებსა და კერძო ბიზნესს შორის. გავაკონტროლებთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ჩვენი თანდასწრებით ითქვა“, - აღნიშნავს ნათია თურნავა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ახალი მმართველი კომპანიის გარდა პროცესში ჩაერთვება გამოცდილი უკრაინული კომპანია, რომელსაც ნახშირის, კოქსის და სხვა მადნის გაყიდვის დიდი გამოცდილება აქვს.