Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი: ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის გამო შეშფოთება გამართლებულია


ჯოსეფ მაგუირი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი
ჯოსეფ მაგუირი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი

აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენაზე ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ მაგუირმა განაცხადა, რომ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის თაობაზე აშშ-ის სპეცსამსახურების შეშფოთება გამართლებულია.

თეთრმა სახლმა 25 სექტემბერს გამოაქვეყნა ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გაშიფრული ტექსტი. დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგას სთხოვა, გამოძიება ჩაატაროს ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და 2020 წლის არჩევნებში დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში მუშაობდა ენერგოკომპანიაში. ტრამპმა უმცროს ბაიდენს კორუფციაში დასდო ბრალი. პასუხად დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში ტრამპს უფლებამოსილებების გადამეტებაში დასდეს ბრალი და მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით.

თავის გამოსვლაში მაგუაირმა ვითარებას უნიკალური და უპრეცედენტო უწოდა. მან აღნიშნა, რომ ინფორმატორი მოქმედებდა კანონის ფარგლებში და სწორად მოიქცა, როცა საჩივარი დაწერა ტრამპის სატელეფონო საუბრის თაობაზე.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა მოსმენაზე მაგუაირს უსაყვედურეს, რომ ადრე ის უარს ამბობდა სამართალდამცველებისთვის საჩივრის ტექსტის გადაცემაზე. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ თავის მოვალეობებს ასრულებდა და იცავდა ინფორმატორთა დაცვის შესახებ აშშ-ის კანონს.

ხუთშაბათს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას გააკრიტიკა პრეზიდენტი ტრამპი იმისთვის, რომ ის მალავდა ზელენსკისთან საუბარს. ამასთან, პელოსიმ განაცხადა, რომ აუცილებელია საფუძვლიანი გამოძიება და რომ არ შეიძლება ტრამპის ნაჩქარევად გასამართლება, მიუხედავად დაწყებული გამოძიებისა.

Associated Press-ის თანახმად, კონგრესში გამართულ მოსმენაზე რესპუბლიკელები თავს არიდებდნენ განხილვას. ამასთან, რესპუბლიკური პარტიის წევრმა კონგრესმენმა ელის სტეფანიკმა მოსმენისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საჩივრის ავტორი არ ყოფილა მასში აღწერილი მოვლენების უმეტესობის უშუალო მოწმე. სტეფანიკის თქმით, ეს გამოძიების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია.

დონალდ ტრამპი უარყოფს ბრალდებებს. უკრაინის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მასზე არ განუხორციელებიათ ზეწოლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG