Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩუგოშვილი ადასტურებს მოსამართლეების თემაზე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას


"ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა, თუ საჭიროდ ჩათვლიან თავად ისაუბრებენ." - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეკა ბესელიას მიერ 26 სექტემბერს ტელეეთერებში გაკეთებული განცხადებების პასუხად.

ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ სანამ პარტიას დატოვებდა, ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა ე.წ. ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა. ამ შეხვედრას კი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ ამ სიას პარლამენტში არ გაატანინებდა და თუ საჭირო იქნებოდა, გადადგებოდა.

“იმ დღეს მასაც [თამარ ჩუგოშვილს] იგივე პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რაც მე. მე გამიკვირდა, სად წავიდა ეს პოზიცია”, – თქვა ეკა ბესელიამ. დეპუტატის თქმით, ამ შეხვედრის შესახებ საჯარო საუბარზე არ შეთანხმებია თამარ ჩუგოშვილს.

“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს და დაადასტურებს ამას”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში.

"ჯერ კიდევ დეკემბერში და მას მერეც უამრავ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი სადაც ეს თემები იხილებოდა, ამ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი პოზიცია იყო უცვლელი. ჩემთვის, ისევე როგორც, ჩემი მრავალი კოლეგისთვის მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა. უმრავლესობის არაერთი წევრი იყო დეკემბერში წარმოდგენილი სიის კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგი (ამას ათეულობით მოწმე ყავს, ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს) და ის რომ სია ჩავარდა ამ ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიმე ერთი ადამიანის." - წერს თამარ ჩუგოშვილი.

26 სექტემბერს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა, დაპირისპირება მოხდა ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის. ზარდიაშვილმა სხდომაზე "ბესელიას მორალის" შესახებ კომენტარები მიკროფონის გარეშე გააკეთა, რასაც ეკა ბესელიას მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG