Accessibility links

ავღანეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს


გაძლიერებული რეიდები არჩევნების დღეს

ავღანეთში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, 28 სექტემბერს საარჩევნო უბნების გახსნიდან მალევე, მძლავრი აფეთქება მოხდა სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარის ერთ-ერთ მეჩეთში, რომელიც საარჩევნო უბნის ფუნქციას ასრულებდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 15 კაცი დაიჭრა, მათგან სამის მდგომარეობა სერიოზულია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით შაბათს კიდევ რამდენიმე სარაკეტო თავდასხმას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია, იყო თუ არა იერიშების სამიზნე საარჩევნო უბნები.

სამოქალაქო ომში ჩაფლულ ავღანეთში შაბათს მეორედ იმართება დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები. 15 კანდიდატს შორის გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი აქვთ მოქმედ პრეზიდენტ აშრაფ ღანის და პრემიერ-მინისტრ აბდულა აბდულას.

თალიბანის მუქარის პასუხად, რომ არჩევნებს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით ჩაშლიდა, ავღანეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს მიმართა. ქვეყნის მთელი მასშტაბით მობილიზებულია უსაფრთხოების ძალების 72 ათასი თანამშრომელი. ასევე ჩაიკეტა სასაზღვრო მიმოსვლა პაკისტანთან, სადაც უკონტროლო რაიონებს მრავალი ექსტრემისტი აფარებს თავს.

უსაფრთხოების მიზეზით დაიხურა 2000 საარჩევნო უბანი, მაშინ როცა, მთლიანობაში, საარჩევნო უბნების რაოდენობა 7000-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG