საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
„მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ მისი მხრიდან, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით, მან თავის პოლიტიკურ კარიერას, საკუთარი ხელით, ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, ის თავს შეიკავებს იმის შეფასებისგან, როგორი პრემიერი იქნება გახარია.
იმავე ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გამორიცხა და მამუკა ხაზარაძესთან „დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანების“ შექმნაზე საუბარს ჭორი უწოდა.