Accessibility links

„სირცხვილიას“ აქტივისტებმა სპეცრაზმელის გათავისუფლება გააპროტესტეს


28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა და აქტივისტებმა პერფორმანსით გააპროტესტეს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის, ლევან იმერლიშვილის გათავისუფლების ფაქტი.

20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ. მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დასახელდა. სპეცრაზმელის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 27 სექტემბერს გავრცელდა და სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა აქციის გამართვაც.

მოსამართლეთა მანტიებში გამოწყობილ აქციის მონაწილეებს ეკეთათ ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბები, რაც, მათი თქმით, მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში „მთავარი მსაჯული“ სწორედ ბიძინა ივანიშვილია და მართლმსაჯულებაც სწორედ მისი სურვილის შესაბამისად აღესრულება.

„სირცხვილია, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს სასამართლოს პროკურატურის მეშვეობით... მაშინ, როცა 20-21 ივნისის აქციის მონაწილე უდანაშაულო ადამიანები სხედან ციხეში, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა სპეცრაზმელი, რომელიც იმ ღამეს გვირტყამდა, გვცემდა და თვალებს გვთხრიდა... ის გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მაშინ, როცა ეტლში მჯდომ, პარალიზებულ ლევან ჯიქურს სასამართლომ უარი უთხრა გათავისუფლებაზე... მოსამართლემ გვითხრა, რომ, თურმე, ლევან ჯიქურს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე, ანუ სპეცრაზმელებზე... აი, ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ აქციას შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, დეპუტატი ელენე ხოშტარია. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმე გვაქვს შერჩევით მართლმსაჯულებასთან და ის, რაც ხდება, არც სამართლიანობის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება სპეცრაზმელს ათავისუფლებს და მძევლებად ჰყავს „გავრილოვის პატიმრები“... მე თავად მოვინახულე ერთ-ერთი დაკავებული - ლევან ჯიქური საპატიმროში... ის მართლაც მძიმე მდგომარეობაშია, ეტლით გადაადგილდება და არ უშვებენ მაინც, მძევლად ტოვებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ელენე ხოშტარიამ.

გენერალური პროკურატურის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ამჟამად არცერთ სამართალდამცველს არა აქვს შეფარდებული. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლევან იმერლიშვილი ბოლო იყო თავდაპირველად დაკავებულ იმ სამ სამართალდამცველს შორის, რომელიც პატიმრობაში რჩებოდა. მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 27 სექტემბერს გავრცელდა.

„სამივე სპეცრაზმელის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვდა პატიმრობას. სასამართლომ მათგან ორს გირაო შეუფარდა, ხოლო ერთს - პატიმრობა. ამ უკანასკნელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც არ დაეთანხმა პროკურატურა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეუცვალა გირაოთი“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას გენერალურ პროკურატურაში.

ლევან იმერლიშვილი 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. პროკურატურაში მიმდინარე ამავე გამოძიების ფარგლებში იყო დაკავებული დანარჩენი ორი სამართალდამცველიც.

შს სამინისტროში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, კვლავაც პატიმრობაში რჩება 20-21 ივნისის აქციაში მონაწილე 20-მდე პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG