Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვართ ტრადიციულები და ძალიან, ძალიან ინოვაციურები


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ამ მიმართვაში იგი განმარტავს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში 29 სექტემბერს გამოხატულ მოსაზრებებს ქრისტიანულ ფასეულობებთან დაკავშირებით:

„მინდა ვთქვა იმ ხალხის გასაგონად, ვისაც გაუკვირდა ჩემი გუშინდელი ხაზგასმა ქრისტიანულ ფასეულობებზე. საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, მეგობრებო? რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა. და მე მოვუწოდებ ყველას, რომ ნუ მოვწყდებით ჩვენს ხალხს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ის და მისი გუნდი ერთდროულად ტრადიციულები და ინოვაციურები არიან:

„ჩვენ ვეფუძნებით, ჩვენს წარსულში საუკეთესო რაც არის. და, ამავე დროს, თავის დროზე ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე ინოვაციური პროგრამა ქართველებს და საქართველო გავხადეთ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი და ახლაც გვაქვს ყველაზე ინოვაციური გეგმები, რომლებიც საქართველოს ისევ გაიყვანს მოწინავე პოზიციებზე მსოფლიოში. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება, ჩვენ ვართ ტრადიციულები და ძალიან, ძალიან ინოვაციურები. და ძალიან გაბედულები ჩვენს წინადადებებში და ჩვენს ქმედებებში“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეომიმართვაში.

ვიდეომიმართვის ბოლოს იგი პოლიტიკოსებს ხალხთან ახლოს ყოფნას ურჩევს და აღნიშნავს, რომ ამით ისინი მხოლოდ მოიგებენ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ არსებობს „ფუნდამენტური განსხვავებები“ მასსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის. ყოფილ თანამებრძოლს სააკაშვილმა უწოდა „ანტიქრისტიანი“, რომელსაც ყოველთვის „ცინიკური დამოკიდებულება“ ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.

„მე, ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ესეა, ვატარებ ჯვარს... ბოკერიამ, ამ ადამიანმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი მაქსიმალური დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან. და ეს არის რეალობა“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG