Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია ფარული კადრებით შანტაჟზე: 4 ასეთი შემთხვევა ვიცი


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟთან დაკავშირებით, კონკრეტულ პირთა თანხმობის შემთხევაში, მზადაა, საგამოძიებო ორგანოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ მან გენერალურ პროკურატურაში გასაუბრების შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო გასაუბრება იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთ ეთერში მე ვთქვი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ბუნებრივია, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ გავიმეორე და დავადასტურე, რომ ნამდვილად ვფლობ ასეთ ინფორმაციას გარკვეულ პირებთან დაკავშირებით. ეს პირები არიან პარლამენტშიც, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. არსებობენ ადამიანები, ჩემთვის არის ცნობილი, როგორც პარლამენტის წევრისთვის, რომელთა მიმართაც გამოყენებულია მეთოდი უკანონო ჩანაწერის მოპოვების და შემდეგ, ბუნებრივია, ამ ადამიანებს გარკვეული ადამიანური პრობლემა ალბათ ექმნებათ. თუმცა არცერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელსაც საკუთარი უფლების დაცვა არ შეეძლოს“.

ეკა ბესელიას სიტყვებით, ის ინფორმაციას ფლობს 4 ადამიანთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ნაწილმა თავად მიაწოდა, ნაწილის შესახებ კი თვითონ მოიპოვა. მისი სიტყვებით, იმ 4 პირის გარდა, ვისზეც ფლობს ინფორმაციას, რომ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი ხორციელდება, შეიძლება იყვნენ სხვებიც. მისივე თქმით, ამ ოთხეულში არის მამაკაციც და ისინი მმართველი გუნდის წევრები არიან.

ეკა ბასელიას განმარტებით, მას არ აქვს ვალდებულება, მის ხელთ არსებული ინფორმაცია პროკურატურას გადასცეს.

„სისხლის სამართლის კანონმდებლობით ვალდებულება არ მაკისრია, რომ ეს ინფორმაცია გადავცე. იმ ადამიანების თანხმობის გარეშე, ამას მე ვერ ვაკეთებ და არ ვიქნები არანაირად სწორი, არც სამართლებრივად და არც მორალურად, მაგრამ დავადასტურე დღესაც, თუ რომელიმე მათგანი გააკეთებს ამ განცხადებას, მე მზად ვარ, თუ ეს ინფორმაცია დაემთხვევა, დავადასტურო და რაც მაქვს, ის ინფორმაცია დეტალურადაც მივაწოდო. იმიტომ, რომ ეს ეხება მათ პირად სივრცეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ბესელია გენერალურ პროკურატურაში იმ განცხადების საფუძველზე დაიბარეს, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო ეთერში გააკეთა. დეპუტატმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს და ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტებიც აქვს.

XS
SM
MD
LG