Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: ლარის გამყარების ტენდენცია იქნება მზარდი და განვრცობადი


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ლარის გამყარების ტენდენცია დაიწყო, იქნება მზარდი და არაფერი ხდება ისეთი, რასაც საქართველოს მთავრობა ვერ მიხედავს. მისი თქმით, „ფუნდამენტური პარამეტრები ჯანსაღია“:

„სულ ახლახანს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა და აგვისტოში არის საკმაოდ მაღალი, 5.8% ზრდა. 8 თვეში არის 5%-იანი ზრდა, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ფუნდამენტური პრობლემები ჩვენს ეკონომიკას ნამდვილად არ სჭირდა და პირიქით, ეს ეკონომიკა იძლევა საშუალებას, რომ ლარი გამყარდეს და ბიუჯეტიც სოციალურად ორიენტირებული იყოს იმისთვის, რომ გზები, გაზი, წყალი და ეს სიკეთეები მივიტანოთ მოსახლეობამდე“, - ამბობს ნათია თურნავა. მისი განცხადებით, ლარის გამყარების მეორე ფაქტორია ეროვნული ბანკის საკმაოდ აქტიური პოზიცია:

„საკმაოდ კარგ კოორდინაციაში ვართ ეკონომიკური პროფილის უწყებები, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციაა. მათ აქვთ თავის ხელთ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში გარკვეული კორექტირება გააკეთონ და ამ ბოლო დროს ეს გამოჩნდა კიდევაც. მინდა გავიზიარო ჩემი კოლეგების ოპტიმიზმი ლარის კურსთან მიმართებაში. ლარის კურსი, რა თქმა უნდა, დროდადრო არის გამოწვევა, განსაკუთრებით იმ კატეგორიის მოსახლეობისთვის, ვინც დამოკიდებულია უფრო მეტად დოლარზე, თუმცა მათი რიცხვიც ნელ-ნელა კლებულობს დედოლარიზაციის პროცესით“, - უთხრა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის შეფასებით, ლარის გამყარების ტენდენცია დაიწყო და იგი „მზარდი და განვრცობადი“ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG