ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას პოლიტიკურ ნეპოტიზმში ადანაშაულებს და პროკურატურას მოუწოდებს, გამოიძიოს მისი გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საგანგებო პრესკონფერენციაზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს წარუდგინა გიორგი მიროტაძე, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი იყო. ირმა ნადირაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ გიორგი მიროტაძე პროკურატურაში დაკითხულია პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეშიც:
„ის დაკითხეს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იმის გამო, რომ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ბატონი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში.
შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ გაბუნიას გავლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა, როგორც კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.
ჩვენ ვხვდებით, რომ ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე და მას შეუძლია, პრეზიდენტს თავს მოახვიოს საკუთარი კანდიდატურები და შემდეგ ის შემოგვთავაზონ პარლამენტში.
გაბუნია აშკარად დაკავებულია პოლიტიკური ნეპოტიზმით და ამის გამო ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, ძალიან კარგად გამოიძიოს მისი გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.