Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი კომუნისტური სახელმწიფოს შექმნის 70-ე წლისთავს აღნიშნავს, ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლებია


1 ოქტომბერს ჩინეთი კომუნისტური სახელმწიფოს შექმნის 70-ე წლისთავს აღნიშნავს მაშინ, როცა მის ნახევრად დამოუკიდებელ ქალაქ ჰონგ-კონგში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

სამშაბათს პეკინში გაიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი, რომელიც ჩინეთის სამხედრო ძალაუფლებისა და მზარდი გლობალური ამბიციების დემონსტრაციას ისახავს მიზნად. პრეზიდენტი სი ძინპინი და ქვეყნის სხვა ლიდერები ტიანანმენის მოედანზე, ქვეყნის სიმბოლურ პოლიტიკურ ცენტრში შეიკრიბნენ.

საზეიმო ცერემონიაში 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ათასობით მათგანს ეჭირა ჩინეთის დროშები, მოედანს გადაუფრინეს სამხედრო თვითმფრინავებმა, მოეწყო ფოიერვერკები, გაიმართა სახელოვნებო და ათლეტური წარმოდგენები. ღონისძიებაზე არ იყვნენ მიწვეული უცხოელი ლიდერები. დღესასწაულს მხოლოდ უცხო ქვეყნების ელჩები ესწრებიან.

ამასობაში პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს ჰონგ-კონგში დემონსტრანტების დასაშლელად. ქალაქში უპრეცედენტო ვითარებაა, ცენტრში აღმართულია ბარიკადები, გაძლიერებულია საპოლიციო ძალები. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა ქალაქის რამდენიმე ნაწილში.

XS
SM
MD
LG