Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიაბერაშვილი: მოქალაქეების დიდ ნაწილს სახლში ცარიელი მაცივარი აქვს


რა ხდება ქვეყანაში მაშინ, როდესაც ადამიანი მშვიდად მიდის სახლში და ხვდება ცარიელი მაცივარი?! - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი უმრავლესობის წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას შეფასებას, რომ - 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოთქვან კრიტიკული აზრი და მშვიდად წავიდნენ სახლში.

„ბატონი ქანთარიასგან ახლა მოვისმინეთ ვრცელი ექსკურსი, როგორ მიდის მშვიდად სახლში მოქალაქე... მე ერთი შეკითხვა მინდა დავსვა - რა ხდება ქვეყანაში მაშინ, როდესაც ადამიანი, როგორც თქვენ ამბობთ, მშვიდად მიდის სახლში და ხვდება ცარიელი მაცივარი?!

მდგომარეობა, რომელშიც თქვენ ჩააგდეთ ათიათასობით და ასიათასობით მოქალაქე საქართველოში, სწორედ იმას იძლევა, რომ დღეს მოქალაქეების დიდ ნაწილს სახლში ცარიელი მაცივარი აქვს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 1 ოქტომბერს, პარლამენტის სხდომაზე.

მისი თქმით, „ქართულ ოცნება“ ვერ უმკლავდება ლარის კურსის ვარდნას და როცა დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტა 3-ლარიან ნიშნულს გადაცდება, „ქართულ ოცნებას“ რეალობის დახატვა „ოცნების ფერებში“ მოუწევს.

„მე მინდა, კითხვა დავუსვა ქართული ოცნების დეპუტატებს - როდის აკრძალავთ ტაბლოებს სავალუტო ჯიხურებზე?! შეიძლება ეს ნახევრად ხუმრობით დასმული შეკითხვაა, მაგრამ ქვეყნებში, სადაც რეგულაციების გზით წავიდნენ, მაგალითად - შუა აზიის ქვეყნებში, საბოლოო ჯამში, სინამდვილე რომ შეელამაზებინათ, იქამდე მივიდნენ, რომ ან საერთოდ აკრძალეს ვალუტის გადაცვლა, ან ტაბლოები აკრძალეს ქუჩაში, რომ ხალხმა არ დაინახოს, როგორ გადაცდა რაღაც მიჯნას დოლართან მიმართებაში მათი ვალუტა... და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ მიჯნაზე, როდესაც ლარი გადაცდება ლარი (კურსის) 3-იან მიჯნას...

იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, რის გამოც ლარი ამ მიჯნას გადაცდება, ერთადერთი გზა გაქვთ, რომ მუდმივად ოცნების ფერებში დახატოთ რეალობა, რომელიც გვეუბნება, რომ ათიათასობით ადამიანს ცარიელი მაცივარი აქვს სახლში , თუ აქვს საერთოდ მაცივარი... თქვენს პირობებში ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა და ყოველდღიურად, როდესაც აფთიაქში ან მაღაზიაში ადამიანები შედიან, ხვდებათ გაძვირებული პროდუქტი და მედიკამენტი“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„მაცივარი არც თქვენ დროს იყო ხორაგით სავსე, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ზოგჯერ რომ გამოხსნიდა კაცი, ლიმონკა ხვდებოდა... რაც შეეხება 1 ოქტომბერს, ამავე პირველმა ოქტომბერმა თქვენც გაგიხანგრძლივდათ, სამწუხაროდ, პოლიტიკური სარბიელი, თორემ ახლა თქვენ სადღაც შორს ბუხართან იჯდებოდით უკვე მემუარების წერაში “, - ასე უპასუხა ნუკრი ქანთარიამ ზურაბ ჭიაბერაშვილს.

მანამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თქვა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით ეპოქალური ცვლილება მოხდა და „მოქალაქე, პიროვნება გათავისუფლდა - მას შეუძლია დღეს ყოველგვარი კრიტიკული აზრის შემდეგ, მშვიდობიანად წავიდეს სახლში“.

თავის გამოსვლაში ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჩამოთვალა ლარის კურსის ვარდნისა და მოქალაქეების დაზარალების მიზეზები; ესენია, მაგალითად: არასწორად დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტი, ბიზნესკლიმატის გაუარესება, საგადასახადო ტვირთის არშემცირება და საწვავზე აქციზის გაზრდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG