აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დემოკრატიული პარტიის წევრ კონგრესმენებს ბრალად დასდო „დაშინების“ და „ბულინგის“ მცდელობა სახელწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლების მიმართ, როცა მათგან ჩვენებას ითხოვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ შესაძლო იმპიჩმენტის გამო მოკვლევის ჩარჩოებში.
ოფიციალურ პირთა მხრიდან ნებაყოფლობითი მისვლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შესაბამის ვადებში „განუხორციელებელია“, წერს პომპეო თავის წერილში, რომელიც მან 1 ოქტომბერს გაუგზავნა კომიტეტს.
„მე მინდა გამოვიყენო ჩემს განკარგულებაში მყოფი ყველა შესაძლებლობა რათა თავიდან ავიცილოთ და გამოვააშკარავოთ ყველა მცდელობა, დააშინონ თავიანთი საქმის პროფესიონალები. არ არის ცხადი, დააკმაყოფილებს თუ არა პომპეო კომიტეტის მოთხოვნას დოკუმენტების გადაცემის შესახებ 4 ოქტომბრამდე.
დემოკრატიული მართვის ქვეშ მყოფი წარმომადგენელთა პალატის სამმა კომიტეტმა საგარეო საქმეთა უწყების ხუთი ახლანდელი და ყოფილი თანამშრომელი დაიბარა მომავალი ორი კვირის განმავლობაში.
კომიტეტების თავმჯდომარეებმა საგანგებო უწყებაში, გასულ კვირაში, გაფრთხილება გამოხატეს, რომ იმპიჩმენტის მოკვლევის პერიოდში წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონგრესისთვის მუშაობაში ხელის შეშლად.
კონგრესში მოკვლევა დაიწყო სპეცსამსახურის თანამშრომელი ინფორმატორის საჩივრის გამო, რომ ტრამპმა მოსთხოვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გამოეძიებინა თავისი პოლიტიკური მეტოქის საქმე. ინფორმატორის საჩივარს, რომელიც მან გენერალურ ინსპექტორთან შეიტანა, კონგრესში მოჰყვა პრეზიდენტის მიმართ შესაძლო იმპიჩმენტის გამო მოკვლევა.
ინფორმატორის საჩივარში მოყვანილია ტრამპსა და ზელენსკის შორის 25 ივლისის სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომ, სავარაუდოდ, ტრამპი ზელენსკის ეუბნება, გამოიძიოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის მხრიდან შესაძლო კანდიდატის, ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერის საქმე.
ჰანტერ ბაიდენი უკრაინის გაზის კომპანიის საბჭოს წევრი იყო, როცა ჯო ბაიდენს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
ტრამპის და ზელენსკის საუბარი შედგა მალე მას მერე, რაც აშშ-მა შეუჩერა თითქმის 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება უკრაინას. ამას მოჰყვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ დახმარებას, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა, პრეზიდენტი იყენებდა პირადი სარგებლობისთვის ზეწოლის იარაღად.
ტრამპი უარყოფს, რომ კანონი დაარღვია.
1 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა რეპორტიორებს უთხრა, რომ „შეუძლებელია ჩემზე ზეწოლის მოხდენაო.“
ზელენსკიმ დასძინა, რომ ტრამპთან საუბარში მან გაიმეორა აშშ-ის სამხედრო დახმარების მნიშვნელობის შესახებ და თქვა, რომ „არ ამიხსნეს“ რატომ შემოვიდა ფული მხოლოდ სექტემბერშიო.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ტრამპის ადვოკატს, რუდი ჯულიანის არასოდეს შეხვედრია და არც არასოდეს უსაუბრია მასთან. მან დაადასტურა, რომ მიმართა უკრაინის უწყებებს, ბაიდენის და მისი ვაჟის წინააღმდეგ შესაძლო გამოძიების დაწყების თაობაზე.