თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება.
დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი აპირებს დააყენოს შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის სხვა ბრალდებულების საქმისგან გამოყოფის შესახებ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს არანაირი შეხება არ აქვს გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეებთან და სასამართლო პროცესის გაერთიანება გაუგებარია. გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი ასევე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არიან დაკავებულები..
„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.
სხდომის დაწყების წინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულების სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი.