თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, არ იგეგმება 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერის საკითხი და რეგულაციის დამრღვევი მძღოლები შესაბამისად დაჯარიმდებიან:
„დადგა უკვე პირველი ოქტომბერი. ჯარიმები ულიცენზიო „ტაქსაობაზე“ აქამდეც იწერებოდა. თუ იქნება ფაქტები, ამის შემდეგაც დაიწერება. ყველა ადამიანი, ვინც ტაქსის მომსახურებას სწევდა, იყო გაფრთხილებული, რომ 1-ლი ოქტომბრიდან კატეგორიზებული ნებართვით უნდა გაეწია მომსახურება.
ჩვენ რომ არ გაგვეფრთხილებინა ეს ხალხი და ისე დაგვეწერა ჯარიმა, ლეგიტიმური იქნებოდა მოთხოვნა გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მოსდიოდათ სმს-ები და ვაფრთხილებდით, აეღოთ ვაუჩერები და გადაეთეთრებინათ მანქანები.
თუ ამის მიუხედავად ადამიანმა გადაწყვიტა, მაინც დაარღვიოს რეგულაცია, ამ შემთხვევაში ჯარიმა გამოიწერება. არც განხილულა რაიმე ფორმით ჯარიმის ჩამოწერა. მეტიც, თუ ექნება ადგილი დარღვევებს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მისთვის მოსალოდნელი იყო პოპულიზმი, რომელსაც მისი შეფასებით ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს ოპოზიცია.
„სიმართლე გითხრათ, გამიკვირდებოდა, სხვა რამ რომ ეთქვათ. ჯარიმები გააუქმეთო, მაგასაც იტყვის, მაგასაც და ცუდი იყო ეს ყველაფერიო - მაგასაც. რასაკვირველია, არაფრის გადავადებას არ ვაპირებთ“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
პირველი ოქტომბრიდან თბილისში ამოქმედდა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების დაყოფას A და B კატეგორიებად.
A კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს. ამ კატეგორიის ტაქსებს მგზავრების აყვანის უფლება ქუჩიდანაც აქვთ. A-სგან განსხვავებით, B კატეგორიის ტაქსები გამოძახებით იმუშავებენ.
თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე 200 ლარით ჯარიმდება.
1 ოქტომბრის მონაცემებით, ტაქსების 24 %-ია A კატეგორიაში, ხოლო დანარჩენის კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
რეგულაციის ამოქმედების დროისათვის დედაქალაქში სულ 22 563 ნებართვაა გაცემული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას 1 ოქტომბერს ტაქსის ახალი რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებული მძღოლების რაოდენობის შესახებ, შესაბამისი წერილის საფუძველზე მოგვაწვდის.