Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ კონსტანტინიდი: NAC-ის მეხუთე ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილია


3 და 4 ოქტომბერს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება. დელეგაციას - რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი - უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი. რომელიც 3 ოქტომბერს ბათუმში ჩამოვა. ამავე დღეს დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით. ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე, თავის მხრივ - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დაგეგმილია შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წლევანდელი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა ბათუმში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე 2 ოქტომბერს. მისივე თქმით, ეს ფაქტი საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია:

„საქართველოსთვის, როგორც ნატოს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, მნიშვნელოვანია, საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით“, - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განიხილება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. აქცენტები გაკეთდება ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

„NAC-ის მეხუთედ ჩამოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტების მაღალი ინტენსივობა იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსს საქართველოსთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს.

დეკემბერში დაგეგმილი ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა შეხვედრამდე NAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და რომ ის ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია“, - აცხადებს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო არის ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, რომელსაც თავმჯდომარეობს ნატოს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ალიანსის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სადაც განიხილება პოლიტიკური და მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

ვლადიმერ კონსტანტინიდის სიტყვებით, „ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია“.

XS
SM
MD
LG