Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკო არ გამოცხადდა ეროვნულ საგამოძიებო ბიუროში დაკითხვაზე


პეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არ გამოცხადდა ეროვნულ საგამოძიებო ბიუროში, სადაც მოწმედ იყო დაბარებული საზღვრის სავარაუდოდ უკანონოდ გადაკვეთის საქმესთან დაკავშირებით.

ბიუროს პრესსპიკერმა ანჟელიკა ივანოვამ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ პოროშენკო 10 საათზე უნდა გამოცხადებულიყო დაკითხვაზე „სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია [დაუკონკრეტებელი პირების მიერ] უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ გაყალბებული დოკუმენტებით გადაკვეთის ორგანიზებასთან“.

ივანოვას თანახმად, პოროშენკოს ხელახლა მიიწვევენ, ვინაიდან მისმა ადვოკატმა პოროშენკოს გამოუცხადებლობა პარლამენტში დაკავებული გრაფიკით ახსნა.

ეს ერთ-ერთი გამოძიებაა, რომელიც პოროშენკოს წინააღმდეგ აღიძრა მას შემდეგ, რაც იგი აპრილში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორთაბრძოლაში.

გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროგრამამ გამოავლინა, რომ 2018 წლის იანვარში პოროშენკო კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა მალდივის კუნძულებზე შვიდ სხვა პირთან ერთად, რომლებმაც შესაძლოა ყალბი საბუთებით იმგზავრეს და გვერდი აუარეს საპასპორტო კონტროლს. პოროშენკო უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მალდივებზე მისი დასვენება კანონიერი იყო.

პოროშენკო, რომელიც პარლამენტის დეპუტატია, არ გამოცხადდა არც რამდენიმე სხვა საქმესთან დაკავშირებულ დაკითხვებზე, რომლებზეც ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ დაიბარა.

XS
SM
MD
LG