Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემი გჯერათ?“ - ზალკალიანის თქმით, ლავროვთან შეხვედრაზე დეოკუპაციის შესახებ ისაუბრა


NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში ბათუმში მიმდინარე ღონისძიებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ ეს შეხვედრა იყო საჭირო, დროული და აუცილებელი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის კომუნიკაცია, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში მქონდა პარტნიორებთან. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ბორდერიზაციის პროცესი, ასევე ჟენევის პროცესში არსებული პრობლემატიკა იყოს განსაკუთრებულად განხილული და ამ პროცესს მივცეთ ახალი დინამიკა“, - ამბობს დავით ზალკალიანი.

მინისტრი შეხვედრაზე ფორმატის შესაძლო ცვლილების საკითხის განხილვას კატეგორიულად უარყოფს.

„მინდა სპეკულაცია გავაქარწყლო, რომ თითქოს შეხვედრაზე საუბარი იყო ფორმატების ცვლილებასა და ჩანაცვლებაზე - არამც და არამც, არანაირი ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვაგრძელებთ მუშაობას ჟენევის ფორმატში. ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს დაუსრულებელი მისია. იქ არსებული ძირითადი მიმართულებები, რაც არის დაკავშირებული ცეცხლის შეწყვეტასთან; იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნებასთან; საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებთან; ჯერ კიდევ არ არის შესრულებული“, - ამბობს ზალკალიანი.

მინისტრი დეტალურად აღწერს, როგორ და ვისი ინიციატივით მომზადდა სერგეი ლავროვთან შეხვედრა.

„ამ [ლავროვთან] შეხვედრამდე შევხვდი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც ჩემთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ჩვენი მხრიდან ხო არ იქნებოდა განხილული ამ შეხვედრის შესაძლებლობა გაერო-ს ფორმატის ფარგლებში, შვეიცარიელების ინიციატივით და მათი ორგანიზებით, შუამდგომლობით. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ და დავთანხმდით ამ შეხვედრას. რატომაც არა, როდესაც ასეთი შესაძლებლობა არსებობს“, - აღნიშნა ზალკალიანმა და განაგრძო - „გაერო-ს ფორმატებში ყველა ყველას ესაუბრება. იქ მიდის საუბარი ისეთ ქვეყნებს შორისაც, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ“.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ავიარეისების საკითხზეც ილაპარაკეს.

ჟურნალისტის შეკითხვას, დეოკუპაციაზე ისაუბრეთ? ზალკალიანი პასუხობს: „რა თქმა უნდა... ჩემი გჯერათ?“

დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს გაერო-ს შტაბ-ბინაში შეხვდა.

XS
SM
MD
LG